ნინოს

არ ვიცი, როდის წაიკითხავ, მაგრამ ვიცი, რომ ერთხელაც აუცილებლად ნახავ ამ წერილს…

თებერვალში შენი წასვლიდან ერთი წელი შესრულდა; ეს ჩემთვის, თორემ დარწმუნებული ვარ, წამების სიზუსტით გაქვს გამოთვლილი  შენი აქ არყოფნის დრო – თბილისის აეროპორტის ესკალატორიდან აი, ამ წამამდე…

ვიცი, რომ ძალიან გიჭირს და ყველაზე მეტად მონატრების გამო…

ჩვენი არცთუ ხშირი ხანმოკლე საუბრებიდან ვხვდები, როგორ ძლიერ შეიცვალე;  რეალობისთვის თვალის გასწორება,  ყოველი ნაბიჯის აწონ–დაწონა, ადამიანებისთვის ეჭვის თვალით შეხედვა და საჭიროების შემთხვევაში მათი თავიდან მოშორებაც გისწავლია…

ვხედავ ამას და გიხსენებ ისეთს, ძველს… ხანდახან რომ მაბრაზებდა კიდეც შენი ხშირად უსაფუძვლო ოპტიმიზმი, უსაზღვრო ნდობის უნარი ადამიანებისადმი და სენტიმენტალური ჩანართები… მახსენდება, როგორ გაიძულებდი გამოფხიზლებას და ახლა, როცა ცხოვრებამ გაიძულა ეს, თითქოს ვნანობ…

იყო დრო, როცა ერთმანეთის ცხოვრების ისეთი წვრილმანი დეტალები ვიცოდით, ახლა ყურადღებას რომ აღარ ვაქცევთ; ახლა ერთმანეთის გაფრთხილება ვისწავლეთ და განცდებს ჩვენთვის ვიტოვებთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მოსასმენად მზადყოფნაში ეჭვი ოდნავადაც არ შეგვაქვს…

ახლა, როცა მეც სირთულეების წინაშე ვდგავარ, მენატრება შენი რომანტიზმითა და სენტიმენტალობით გაჯერებული გამამხნევებელი ფრაზები, თუნდაც მეორე წუთში რეალობამ სილა გამაწნას და საპირისპირო დამიმტკიცოს…

მაგრამ ვუძლებ, რადგან ვიცი, სიშორის მიუხედავად, გახსოვარ, ჩემზე ფიქრობ, ჩემს გვერდით ხარ; ხოლო როცა შევხვდებით, როცა არ უნდა მოხდეს ეს, ორივეს ისეთი შეგრძნება გვექნება, თითქოს ერთმანეთს გუშინ დავშორდით…

თბილისიდან ბარსელონამდე არც ისე დიდი მანძილია და რამდენიმე წელიც უცებ გაირბენს; ჩვენ კი ვიფიქროთ უკეთესზე, ვიბრძოლოთ მომავლისთვის და  აუცილებლად ვიქნებით ერთად; ძლიერები და საკუთარი თავით ოდნავ მაინც კმაყოფილები…

შენი მე

Advertisements
Published in: on აპრილი 18, 2010 at 12:52 AM  Comments (3)